დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 23 ნიმუში, რომელიც კორონავირუსზე უნდა შემოწმებულიყო, უარყოფითია.
"დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად სხვადასხვა საავადმყოფოდან - ძირითადად ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისის და ბათუმის ერთი შემთხვევა და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად დამატებით შესულია 6 ნიმუში და კვლევა მიმდინარეობს“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ვირუსის 217 შესაძლო შემთხვევაა დაფიქსირებული. მხოლოდ სამ მათგანს აქვს კორონავირუსი და ისინი ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. სამივე ინფიცირებულის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მთელი საქართველოს მასშტაბით კარანტინში იმყოფება 150-მდე ადამიანი. ისინი განთავსებულები არიან თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, აბასთუმანში, საჩხერეში, ტუბ საავადმყოფოს ცენტრალურ ბავშვთა განყოფილებაში, ვივამედისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია 6 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთში ვირუსის გავრცელების მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო მის გარეთ უარესდება და სწრაფად ვრცელდება.
სულ მსოფლიოს მასტაბით კორონავირუსი დაფიქსირებულია 76 ქვეყანაში. ახალი ვირუსით გარდაიცვალა 3,118 ადამიანი, დაინფიცრებულია 91,320. გამოჯანმრთელება კი 48,166 პაციენტმა შეძლო.