1 მილიონი ლარი კორონავირუსზე რეაგირებისთვის

2020-03-02 17:24:21

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთი ღონისძიებებისა და გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროსთვის 1 მილიონი ლარი გამოიყო.

მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 იანვარს მოაწერა ხელი.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთი ღონისძიებებისა და  ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყოს“, - აღნიშნულია განკარგულებაში. 

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა, იტალიიდან დაბრუნდებულ 31 წლის ქალს დაუდასტურდა. 

მესამე შემთხვევა საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და ჰქონდა კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ისინი ერთად იმყოფებოდნენ ირანში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის სამივე საქართველოს მოქალაქეა.