დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსული იმ ადამიანების მონიტორინგი, რომლებიც მაღალდასენიანებულ ზონებში იმყოფებოდნენ.
„თითქმის შეწყდა შემოსვლა ირანსა და ჩინეთიდან. ყველაზე დიდი ნაკადი ფიქსირდება იტალიიდან, ძირითადად, ესენი ჩვენი თანამემამულეები არიან. მუშაობს საკარანტინო და თვით იზოლაციის რეჟიმები. კარანტინში საერთო ჯამში 199 ადამიანი იმყოფება. კვლავ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მაღალდასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან. ეს ეხებოდა ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანსა და იტალიას, მაგრამ დღეს მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ზოგადად აარიდონ თავი მოგზაურობას. ევროპაში სიტუაცია გაუარესდა: საფრანგეთში უკვე 100 შემთხვევაა, მოიმატა რაოდენობამ გერმანიაში, იტალიაში კი 1000-ს გადააჭარბა. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, სჯობს, თავი შევიკავოთ მგზავრობისგან“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
მისივე თქმით, უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას იღებენ, რათა საზღვარზე მათ სიცხე არ დაუფიქსირდეს და ამის გამო სიმპტომი დროებით იმალება.
„ვთხოვ ასეთ მოქალაქეებს, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზღვარზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს, ეს პირველ რიგში მათთვისვე კეთდება. ამით ჩვენ ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.