ბოლო ინფორმაცია კორონავირუსზე

2020-03-01 15:47:29

ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გამოკვლეულია 130 შესაძლო შემთხვევა, აქედან 3 დადასტურდა. გუშინ 37 შემთხვევა გამოვიკვლიეთ და ყველა იყო უარყოფითი. სამივე პაციენტი გადის მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, დღეს ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსული იმ ადამიანების მონიტორინგი, რომლებიც მაღალდასენიანებულ ზონებში იმყოფებოდნენ.

„თითქმის შეწყდა შემოსვლა ირანსა და ჩინეთიდან. ყველაზე დიდი ნაკადი ფიქსირდება იტალიიდან, ძირითადად, ესენი ჩვენი თანამემამულეები არიან. მუშაობს საკარანტინო და თვით იზოლაციის რეჟიმები. კარანტინში საერთო ჯამში 199 ადამიანი იმყოფება. კვლავ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მაღალდასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან. ეს ეხებოდა ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანსა და იტალიას, მაგრამ დღეს მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ზოგადად აარიდონ თავი მოგზაურობას. ევროპაში სიტუაცია გაუარესდა: საფრანგეთში უკვე 100 შემთხვევაა, მოიმატა რაოდენობამ გერმანიაში, იტალიაში კი 1000-ს გადააჭარბა. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, სჯობს, თავი შევიკავოთ მგზავრობისგან“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას იღებენ, რათა საზღვარზე მათ სიცხე არ დაუფიქსირდეს და ამის გამო სამპტომი დროებით იმალება.

„ვთხოვ ასეთ მოქალაქეებს, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზღვარზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს, ეს პირველ რიგში მათთვისვე კეთდება. ამით ჩვენ ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.