საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

2020-02-28 14:23:47

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადამიანი, რომელსაც ახალი ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეა და იტალიიდან ჩამოვიდა.

"შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპტომო. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩამოვიდა იტალიის რეისით, რომელიც ქუთაისში განხორციელდა.გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. გვიან ღამით გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, თუმცა თავი შევიკავე განცხადებისგან, რადგან მინდოდა დილით კიდევ გადამემოწმებინა რეაგენტებით და როდესაც დავრწმუნდით, რომ იყო დადებითი, ვაკეთებთ განცხადებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის დირექტორმა.

ამ დორისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 29 ადამიანს აკვირდებიან, ასევე აღებული აქვთ 24 სინჯი კორონავირუსზე და ელოდებიან პასუხებს.

"დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

შეგახსენებთ, პირველი კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში მთავრობამ ოთხშაბათს ღამე დაადასტურა. ინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცი იყო, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან ჩამოვიდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.