რეკომენდაცია მოსახლეობას

2020-02-27 14:09:56

ლუგარის ცენტრში, მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები. ყველაზე მეტი დატვირთვა თბილისზეა.

„დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, როგორც იცით, ჩინეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი მოვათავსეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც 3 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებში. ეს პირობები წინასწარ იყო შესწავლილი და მათ მიეცათ უფლება თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

RUSTAVI