რომელ ქვეყნებში არ უნდა ვიმოგზაუროთ

2020-02-24 14:01:53

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს აუცილებელი საჭიროების გარდა, ჩინეთში და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს.

„ჩინეთთან შედარებით შესაძლოა უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი მეზობელი ქვეყანა. სწორედ ამიტომ იყო ირანთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული.

მოვუწოდებ მოსახლეობას - თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას. ასევე თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში და ძალიან დასენიანებულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამ ქვეყნების რიცხვში შევიდა იტალიაც. ეს აკრძალვა არ არის, თუმცა თუ ამის აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ მსგავს ქვეყნებში მოგზაურობისგან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რისკი მომატებულია ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც, ამიტომ მეტი მზადყოფნა გვმართებს. ამასთან, იგი  მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ რომელიმე მოქალაქეს ასეთ ქვეყნებში მოგზაურობის 2-კვირიანი ისტორია აქვს, აუცილებლად მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს.

„საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს თეირანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით,საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.