საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა [video]

2020-02-24 00:19:23

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. შემთხვევის დროს სახლში 35 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. [ვიდეო/video]

ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" ვარაუდობენ, რომ მამაკაცი შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ცეცხლი საცხოვრებელ სახლში სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა.

"ეძინა თუ რა მოხდა არ ვიცი. ჩვენ რომ გავედით შოკში იყო შიშისგან. სახლიდან რომ გამოვედი, ალი დავინახე ცეცხლის, გავიქეცი, მეზობლებიც გამოვიდნენ, მთელი სოფელი იყო მოსული. აღმოჩნდა, რომ ყველამ ცალ-ცალკე გამოვიძახეთ სახანძრო. ეს ბიჭი უკვე გარეთ იყო, წელს ზევით გახდილი, ბეჭები ჰქონდა დამწვარი. თავის დროზე მოვიდა სახანძრო, თუმცა უკვე დიდი ცეცხლი იყო ეზოში. ჩვენი ძალებითაც ვერანაირად ვერ ვეცადეთ ჩაქრობას, წყალიც არ აქვს, არც  გაზი აქვს და არც შუქი, ყველაფერი ჩაჭრილია. მგონი ცოტა ნასვამიც იყო", - განაცხადა ფოლადაანთკარის მკვიდრმა მანანა დოლიაშვილმა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

გაუწევს თუ არა უსახლკაროდ დარჩენილ მამაკაცს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დახმარებას "ინფო რუსთავისთვის" ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომხდარის შესახებ საინფორმაციო სააგენტოსგან შეიტყო.