ფულადი ჯილდოს სახით 255 475 ლარი გაიცა

2020-02-22 22:29:30

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წელს ფულადი ჯილდოს სახით 194 თანამშრომელზე  255 475 ლარი გაიცა. აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოითხოვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, აღნიშნული ფულადი ჯილდო მერიის თანამშრომლებმა სადღესასწაულოდ, კერძოდ კი ახალი წლის პერიოდში მიიღეს.

წერილიდან ასევე ირკვევა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე 2019 წელს პრემია-დანამატი ან/და ფულადი ჯილდო არ გაცემულა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებზე კი 2019 წელს 9750 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გაიცა.

2018 წელთან შედარებით, საახალწლოდ გამოწერილი ფულადი ჯილდოს ოდენობა მუნიციპალიტეტში 54 930 ლარითაა გაზრდილი. 2018 წლის ანალოგიური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

"ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა, რომელ მედია საშუალებებთან თანამშრომლობს გარდაბნის მუნიციპალიტეტი და კონკრეტულად რა მომსახურებაში იხდის ფულს. როგორც აღმოჩნდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წელს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიასთან, რომლის მომსახურებაშიც 40 000 ლარი გადაიხადა, თუმცა ჩვენი კითხვის პასუხად მერიიიდან არ მოუწერიათ, კონკრეტულად რა სახის სარგებელი მიიღო აღნიშნული თანამშრომლობით მუნიციპალიტეტმა.