კაცმა ცოლი განქორწინების დროს მოკლა

2020-02-20 12:53:57

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცოლის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო პატიმრობის შეფარდებისთვის. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი ფორმის შეფარდების შემთხვევაში, დანაშაულის განმეორების რისკები არსებობდა.

პატიმრობას მოითხოვდა ბრალდების მხარე. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა არ იზიარებენ ვარაუდს მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების შესახებ, რადგან დაკავებულს განზახული ჰქონდა თავად ჩაბარებოდა პოლიციას.

წარდგენილ ბრალს სრულად ეთანხმება დაკავებული გიგა აბრალავა.

მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. დაკავებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.