რაა გახდა მკვლელობის მიზეზი [video]

2020-02-17 00:41:55

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტოს დაკევებულის ახლობლებმა უამბეს, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა. მათი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ მამაკაცს გვიან ღამით მობილურის აპლიკაციაზე "ვოთსაფი" ცოლის ფოტო გაუგზავნეს, სადაც გოგონა სხვა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეჭვიანობის მიზეზი სწორედ აღნიშნული ფოტო იყო.

გარდაცვლილი გოგონას დედა, თაზაგულ გუზეინოვა "ინფო რუსთავს" უყვება, რომ მამაკაცი ნამდვილად ეჭვიანობდა მის შვილზე, თუმცა გარდაცვლილის დედის თქმით, ეჭვების მიზეზი იყო მხოლოდ ის ფაქტი, რომ გოგონა ქმარს არ ურიგდებოდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი თაზაგულ გუზეინოვას ძმისშვილი, ანუ ცოლის ბიძაშვილი იყო.

"გუშინ გვიან ღამით მოვიდა. სახლში ვიმყოფებოდით მე, ჩემი გოგო, ჩემი პატარა შვილი და შვილიშვილი. თავიდან რომ შემოვიდა ძალიან კარგად გვესაუბრებოდა, შემდეგ საუბარი კამათში გადაიზარდა, მოულოდნელად უკნიდან დანა ამოიღო და ჩემს შვილს ჭრილობები მიაყენა. გამოვედი გარეთ და დახმარებას მეზობლებს ვთხოვდი. ჩემი შვილი 6 თვე დაშორებული იყო ამ მამაკაცთან, არ სურდა შერიგება და სწორედ ამის გამო ეჭვიანობდა", - აცხადებს თაზაგულ გუზეინობვა.

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, ქმრის მხრიდან ყოფილი ცოლის მობილურ ტელეფონში სხვა მამაკაცის შეტყობინებების პოვნასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის დედა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

"9 თვეა ჩემს შვილს ტელეფონი არ ჰქონდა და შესაბამისად ვერც ესემესებს უპოვიდა. მაჩვენოს მეც, რა ესემესები ნახა. ის არის ნარკომანი და ჩემს შვილს ამიტომ არ სურდა მასთან შერიგება. ბოლოს უთხრა ან შემირიგდები ან მოგკლავო და აუსრულა კიდეც", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" გარდაცვლილის დედა.

შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში 33 წლის მამაკაცმა 23 წლის ცოლი სიდედრის, ცოლის დისა და შვილის თანდასწრებით მოკლა.

მამაკაცი უკვე დაკავებულია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ის საგამოძიებო უწყებაში თვითონ გამოცხადდა.