ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

2020-02-14 12:46:41

ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში. ინფექციური დაავადება ძაღლს გამოუვლინდა, რომელმაც ორი ადამიანი დაკბინა.

როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, დღეს დილიდან სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვასილ მიროტაძის ინფორმაციით, ოჯახის პატრონმა თავად მოახდინა ძაღლის ლიკვიდაცია, რადგან ის აგრესიული და საშიში გახდა.

"შესაბამისმა სამსახურებმა კვლევა უკვე ჩაატარეს, რის შედეგადაც ცოფის შემთხვევა დადასტურებულია", - განაცხადა მიროტაძემ.

დაზარალებული მოქალაქეებიდან ერთს აცრა უკვე ჩაუტარდა. მეორე კი, უარს აცხადებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს. ამის შესახებ სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

მათივე განცხადებით, სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად.