ახალი თანამდებობები

2020-02-11 11:41:22

„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბანში, სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმაცია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაშიც“ დაადასტურეს, რომ ქუცნაშვილი დირექტორის მოადგილის პოსტს  „შპს გარდაბნის თბოსადგურში“ დაიკავებს.

შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი  სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“. 50.908%-იანი წილის კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. თავის მხრივ, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ისევ „საპარტიორო ფონდია“.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა და ამის მიზეზად მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია დაასახელა. ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეკა ბესელიასთან დაპირისპირება. 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.