"ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში"

2020-01-30 16:40:25

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთის ცხრა მოქალაქიდან 2 ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მატება და ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში.

ცერცვაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქეებს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

„დილით დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ყაზბეგში შემოსულია 9 კაციდან შემდგარი ჩინელების ჯგუფი აზერბაიჯანის გავლით. ამ ცხრა ადამიანიდან 3 ბავშვია და ორს აღენიშნება ტემპერატურის მატება. ისინი ტყუპები არიან და მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. გვაქვს უდიდესი გამოცდილება მსგავსი ინფექციების მართვის. ჩვენ ჩავუტარებთ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გამოკვლევას. გავერკვევით, ამ ბავშვებს შესაძლოა ქონდეთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია თუ ეს არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომელიც ამ სეზონზე უამრავია, რომელიც ნაკლებად სახიფათოა.

ლაბორატორიულად დადასტურება პირდაპირ ვერ მოხდება. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ჩინეთს, გერმანიასა და ამერიკას აქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

მისივე თქმით, არასრულწლოვნებს, რომლებიც თავის ოჯახთან ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება.

"ამის გამო მიზანმიმართულად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი თავის ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა "ა" ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, - განაცხადა გამყრელიძემ.