საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 2020 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზების ქსელზე მოეწყობა 71,400 მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, ხოლო მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე - 31,370 მეტრი იდენტური კონსტრუქცია.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების ხარისხის და არსებული რისკების განსაზღვრის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 600 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთებზე, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩატარდება გზების შეფასების საერთაშორისო პროგრამის საპილოტე კვლევა (iRAP).
მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საპრევენციო ღონისძიებების სახით, სოფელ ძეგვზე გამავალ მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები, სადრენაჟე სისტემები და საგზაო ნიშნები.
უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ინსპექტირებას. დამონტაჟდება დამატებით საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ასევე დაგეგმილი აქვს 38 სასწორის შეძენა და ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა გურიასა და იმერეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ზენორმატიულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გასაკონტროლებლად. მოცემულ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების მიზნით, მიმდინარეობს სატენდერო პირობების შეთანხმების პროცედურები აზიის განვითარების ბანკთან.