ჩინეთი თბილისის ავიარეისი გაუქმდა

2020-01-25 19:15:54

ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ავიარეისი ჩინეთის მხარის ინიციატივით გაუქმდა, მიზეზი კი ქართული მხარისთვის უცნობია.

„ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. აღნიშნული ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით მოხდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნელობა ტრანზიტულად ჩამოსული მგზავრი იქნება თუ პირდაპირი რეისით. დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია შეიქმნა.

ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან.

„მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უწყებებს შორის, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილდეს. დღევანდელი შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გუშინ გამოცემული ახალი რეკომენდაციების განხილვას ეთმობოდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად აქცენტს აკეთებს ტემპერატურის შეფასებაზე, ქვეყანაში შემოსვლის ადგილზე. ამისი მზაობაც არის და სასაზღვრო პუნქტებში უკვე თერმული შეფასებაც იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია და ექიმები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში, მას ექნება საშუალება, რომ საწყისი ტრიაჟი ადგილზე გაიაროს. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მგზავრი პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება. მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდომიოლოგიური სამსახური მუშაობს და ეს არის მათი მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი. აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჩინეთის ან ჩინეთის კონკრეტულ პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24 საათიან რეჟიმში არიან, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს, ტრიაჟის ფუნქციის გააქტიურებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, რეფერალისთვის, რათა ადამიანები დროულად გადამისამრთდნენ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.