"23 ნაჩხვლეტ-ნაკვეთი და 10 ნაკვეთი ჭრილობა" [video]

2020-01-24 20:12:52

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 6-ვე პირი მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსმართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატირმობა არ შეცვალა.  [ვიდეო/video]

დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლესთან დაკავებულის 1 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. პატიმრობის შეცვლასა და 10 000 ლარის სანაცვლოდ დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვდნენ დაკავებული პოლიციელების, მიხეილ ღუბიანურის, დავით მიროტაძისა და დიმიტრი დუღაშვილის უფლებადამცველები. რაც შეეხება დავით მუმლაძის უშუალოდ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ასათიანსა და ზურაბ ჯღაკავას, ბრალდებულების ადვოკატებმა მოსამართლესთან დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მას შემდეგ, რაც პროკურორებმა მოპოვებული მტკიცებულებები წარმოადგინეს, დაცვის მხარემ მოსამართლეს რიგი მტკიცებულებების არდასაშვებობის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე გაიმართება, რომელიც 5 თებერვალსაა ჩანიშნული.

სხდომაზე პროკურორებსა და ბრალდებულ პოლიციელს, დავით მიროტაძეს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მოსამართლემ მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და დავით მიროტაძეს შენიშვნა მისცა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, წამებით მოკლულ დავით მუმლაძეს თავის, სახის, გულ-მკერდისა და ზედა კიდურების არეში 23 ნაჩხვლეტ-ნაკვეთი და 10 ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს პოლიციაში შევიდა შეტყობინება რუსთავში, მტკვრის სანაპიროზე ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით, სწორედ დავით მიროტაძეს, საქმეში ფიგურანტ ერთ-ერთ სამართალდამცავს მოუწია სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში წასულიყო და შეტყობინების გადამოწმება მოეხდინა. თუმცა მის ადვოკატს, მერაბ მამულაძეს იმასთან დაკავშირებით, იცნო თუ არა გარდაცვლილი პოლიციელმა, პასუხი არ აქვს.

დავით მუმლაძის მკვლელობის უშუალო იარაღი გამოძიების პროცესში ამოღებული არ არის, მკვლელობის ადგილი კი იდენტიფიცირებულია.

დუმილის უფლებას იყენებს საქმეზე დაკავებული 6-ვე ბრალდებული.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება.

საქმეზე 5 პირი პოლიციამ 7 ოქტომბერს დააკავა. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.

შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურაბ დადეშელის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI