რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი უძღვება.
საქმეზე დაკავებული 6-ვე პირი, გიორგი ასათიანი, გიორგი გეთაშვილი, ზურაბ ჯღარკავა, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი და დავით მიროტაძე დუმილის უფლებას იყენებენ.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაშვების საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, პოლიცამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ძებნაში მყოფი ზურაბ ჯღარკავა კი სამართალდამცველებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.