დავით დადეშელის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დაკავებულია. [ვიდეო/video]
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიოსტრო ავრცელებს. ის მოკლული მამაკაცის მეგობარი გახლდათ.
„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ. სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა“, - აცხადებენ შსს-ში.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, რომელიც მას, 25 ოქტომბერს დაუსწრებლად შეუფარდეს.
შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ასევე დაკავებულია მოკლულის მეგობარი გიორგი ასათიანი, ამავე საქმეზე კიდევ ოთხ პირს, მათ შორის სამ პოლიციელს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის აქვს წარდგენილი.
35 წლის დავით დადეშელი 1-ელ ოქტომბერს გაუჩინარდა, 5 ოქტომბერს კი მისი ცხედარი, რომელსაც 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.
ირკვევა, რომ ყოფილ მეგობრებს შორის მწვავე კონფლიქტი რამდენიმე წლის წინ, საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაიწყო, რაც მოგვიანებით საქართველოში გაგრძელდა და დავით დადეშელის გატაცება-მკვლელობით დასრულდა.
„ბავშვობიდან ვიცნობ აწ გარდაცვლილ ზურაბ დადეშელს, რომელიც იყო ჩემი მეგობარი. ზურა დადეშელი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი დეპორტაცია მოხდა საზღვარგარეთიდან. იგი დადიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ბოლოს იმყოფებოდა ბელგიაში. დეპორტაციის გამო ზურაბ დადეშელმა შეიცვალა სახელი და გვარი, რადგან კვლავ წასულიყო საზღვარგარეთ. ბოლო პერიოდში, იგი ატარებდა დავით მუმლაძის სახელს. ჩვენ გყავდა საერთო საძმაკაცო წრე. კერძოდ, გიორგი ასათიანი, რომელიც მანამდე იყო შონია, დავით მუმლაძის შვილის ნათლია და ზურაბ ჯღარკავა, რომელიც ადრე იყო ზურაბ ბარბაქაძე. ხსენებულ პირებს გვარი ჰქონდათ გამოცვლილი, რადგან ხშირად დადიოდნენ საზღვარგარეთ და არაერთხელ იყვნენ დეპორტირებულნი საქართველოში. დაახლოებით, 5 წლის წინ დავით მუმლაძეს ზურაბ ჯღარკავასთან მოუვიდა კონფლიქტი ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო. აღნიშნულის შემდგომ, მათ შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ვიცოდი შერიგდნენ“, - ყვება ჩვენებაში გიორგი გეთაშვილი.