გერმანიაში 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.
აღიარებს თუ არა გერმანული მხარე ქართულ პროფესიულ დიპლომებს?
აღნიშნულის თაობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ. გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი საიმიგრაციო კანონი 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება.
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საკითხზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა.
„გერმანიაში ლეგალურად შეიძლება რამდენიმე ასეული ქართველი სეზონურ სამუშაოზე გავუშვათ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმ განაცხადა.
„უამრავი ქართველი დღეს საშოვარზე გადაგებული არის დღეს საზღვარგარეთ,იქ მუშაობს და ძირითადად, მათი აბსოლიტური უმრავლესობა არის დასაქმებული არალეგალურად. ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი რაც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშაო ადგილები აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა“-განმარატა ივანიშვილმა.
ახალი რეგულაციით, უცხოელ სპეციალისტებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება უფრო იოლად შეეძლებათ. კერძოდ, გერმანიაში დასაქმების საშუალება ექნებათ როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების მქონე პირებსაც. ასევე დაგეგმილია უცხო ქვეყნებში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივება.
გერმანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა სპეციალურ ვებპორტალზე განთავსდება, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება უნარ-ჩვევები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება. მათ შორის არის გერმანული ენის ცოდნა.
შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო. ამ ვაკანსიების მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით შევსება ვერ ხერხდება.
გამოცემის ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორში, მედიცინაში. გარდა ამისა, შეიმჩნევა ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა დეფიციტიც. თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.