განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. მისი ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და იდეას გაყოფის შესახებ მოწინააღმდეგ არ ჰყოლია.
რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ქანთარია აღნიშნავს, სამინისტროების გაყოფა პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი.
აქ იყო „მცირე მთავრობის“ იდეა, მაგრამ ის, რომ შეუერთებელი რაღაცები ერთად შევაერთეთ, ეს შეცდომა იყო, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მაშინ მარტო აღმოვჩნდი. ვიცოდი, როგორც კულტურის მუშაკმა და ამ საქმეში დიდი ხნით მყოფმა ადამიანმა, რომ ეს არ გაამართლებდა. მთელი ოკეანეა განათლება და ამისთვის კიდევ კულტურის მიწებება აბსოლუტურად ხელოვნური გამოდიოდა. კულტურის სამინისტრო არა მხოლოდ კოორდინაციას უნდა უკეთებდეს, იდეა უნდა არსებობდეს და ცდილობდეს ეს ეროვნული იდეა იყოს გატარებული. დოკუმენტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად უნდა დაიწყოს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და დადგენილებას მთავრობა მიიღებს“, - განაცხადა ქანთარიამ
მისივე ინფორმაციით, განათლების მინისტრის იდეაა, რომ სპორტი განათლების სამინისტროში დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.