რა იცვლება სესხის აღებისას

2020-01-19 12:07:37

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. 

საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.

კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის, გაცემული სესხის უზრუნველსაყოფადაა  მიღებული .

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც,“-აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომლის ამოქმედებაც 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა, სებ-ის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებით 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.