ცოფის ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

2020-01-16 13:49:54

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელ დიღომში და ვაზისუბანის დასახლებაში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად.

განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა.