ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები 5 000 - 45 000 ლარის ფარგლებში იქნება.
დოკუმენტით გათვალისწინებულია, როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებები. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარდა, ცვლილებები „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონშიც იგეგმება. კერძოდ, ცვლილებები კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, თვითმონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ავალდებულებს.
კანონპროექტის მიხედვით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ საქმიანობებს ტექნიკური გადაიარაღებისთვის ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ.
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება მხოლოდ გარემოს დაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ იმ საქმიანობებს და სუბიექტებს, რომლებიც ახდენენ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას. კერძოდ, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული კომპანიები და სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, თვითმონიტორინგი აწარმოონ, უწყვეტ რეჟიმში განახორციელონ მონიტორინგი ზღვრულად დასაშვები ნორმების გადამეტებასთან მიმართებაში. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება პირველ ჯერზე 10 000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში, 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მესამეჯერ დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 40 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ჯერ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანო ორ კანონში შესატან ცვლილებებს სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.