მოსაკრებელი ოჯახში სამ ან მეტ მანქანაზე

2020-01-10 14:35:31

ოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამია, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.

კომიტეტის წევრი, დეპუტატი გიორგი ხატიძე განმარტავს, რომ ეს არ არის სავალდებულო ძალის შემცველი დოკუმენტი. მისი თქმით, გამოთქმულია მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაც მსჯელობის საგანია.

ამასთან ხატიძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ გადასახადი მოქალაქეებისთვის ზედმეტი ეკონომიკური ტვირთი არ აღმოჩნდეს.

„ანგარიშში ცალსახად არ არის მითითება გაკეთებული, რომ აუცილებელია გადასახადის დაწესება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ვიმსჯელოთ. ეს არ არის სავალდებულო ძალის შემცველობის დოკუმენტი, ეს არის კომპლექსური პროცესების ერთი ნაწილი.

ამ ანგარიშით არ სრულდება მოკვლევაზე მუშაობა. გადავდივართ შემდგომ ეტაპზე, აქტიურ კომუნიკაციაზე შესაბამის უწყებებთან. იქ, სადაც მითითებულია, რომ კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პოლიტიკა, შესაბამისი რეგულაციები.

ჰაერის დაბინძურებას არ წვევს მხოლდო მოძველებული ავტომობილები ან საწვავის ხარისხი. კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ თემას. ნებისმიერი საკითხი, რომელიც დამატებით მოსაკრებელს უკავშირდება, ჩვენ ამავდროულად ვათვლითცნობიერებთ, ეს არის არის ძალიან სენსიტიური საკითხი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ვიმსჯელოთ და ამავდროულად შევიმუშაოთ ისეთი რეგულაციები, რომ ეს გარკვეულწილად ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთად არ დააწვეთ ჩვენს მოქალაქეებს და ოქროს შუალედი გამოვნახოთ. ავამაღლოთ გარემოს დაცვის სტანდარტები, თუმცა ეს არ იყოს ზედმეტი ეკონომიკური ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის“-აცხადებს გიორგი ხატიძე.

"თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს", - ნათქვამია თემატურ დოკუმენტში.