ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მოკლული მურად წურწუმიას საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი, ვახტანგ ბურძენიძე დააკავა.
ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლი კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედება, რაც განზრახ სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ასევე 126-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის ცემას, ჩადენილს ჯგუფურად.
შეგახსენებთ, რომ მურად წურწუმია ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 2 იანვრის ღამეს მოკლეს. საქმეზე 6 იანვარს დააკავეს სპეცრაზმის თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ექსპერტის მიერ გარდაცვლილი მურად წურწუმიას გვამის განმეორებით დათვალიერების შედეგად არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება
მურად წურწუმიას საქმის გამოძიების ფარგლებში, ექსპერტმა, ოჯახის თანდასწრებით, გარდაცვლილის გვამი ხელმეორედ დაათვალიერა.
პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება.
“დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“ - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, გამოძიება მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მურად წურწუმიას ოჯახის ყველა შეკითხვა და საქმეზე დაადგინოს ჭეშმარიტება.