"შენ გვასწავლე იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე", -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ეპისტოლეშია ნათქვამი.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ უფლის განგებამ ინება, საქართველო ღვთის ერი გამხდარიყო.
"შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა… შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, – წმინდა მარიამი. გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48); გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო; გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო. უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე. ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ, ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე, დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ, – სამართალი, მშიერთ, – პური, შიშველთ, – სამოსელი, უპავართ, – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი", - აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.