საბაჟო ღირებულება 61 773 ლარს აღემატება

2020-01-06 14:01:31

წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 61,773,64 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 444,37 გრამი) და ვერცხლის (4,18 გრამი) ნაკეთობები  და ასევე ოქროს მონეტები გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო  კოდექსის 168-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 27,003 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.