პრემიერი: პროექტებით სარგებლობის არეალი გაიზრდება

2019-12-30 13:27:16

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის პროექტებით სარგებლობის არეალი გაიზრდება.

"2020 წლიდან ჩვენ დავიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა და სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემას მოვაგვარებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიდა აღვნიშნო, რომ ეს გვაძლევს საშუალებას, მიწა, როგორც ეკონომიკური, ერთ-ერთი ძირითადი აქტივი იყოს ჩართული ეკონომიკურ ცხოვრებაში და ბრუნვაში. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა "აწარმოე საქართველოში", რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას, 2020 წლისთვის მივა თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, გაიშლება რეგიონებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, მეწარმეობის განვითარების, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით გაშლილი რეგიონში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი აიღოს პასუხისმგებლობა და გახდეს მეწარმე, მივესალმებით და ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებმა იზრუნონ პირველ რიგში თავიანთ კეთილდღეობაზე და ყველაზე წარმატებულებმა შეძლონ შემდგომში შექმნან სამუშაო ადგილები",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.