რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მძღოლები

2019-12-29 12:36:45

ავტომანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება. მომავალი წლიდან გარემოს დაცვის და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც ავტომობილებს გზებზე გადაამოწმებენ და შესაბამისად, დააჯარიმებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე  აცხადებს, რომ ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ, რათა დადგინდეს სცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში CO- ს ს შემცველობა.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დეპარტამენტის ინიციატივა, ეს შსს-ს ინიციატივაცაა. ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს, ყველანაირი პროცედურა სწორადაა გაკეთებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაბოლქვი და გარემო დაგვიბინძურდეს.

მოგეხსენებათ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოკვლევა, ამ პროცესში ერთერთ რეკომენდაციად გამოიკვეთა ის საკითხი, რომ ტექდათვალიერებასთან ერთად, უნდა მოხდეს ექსპლუატაციის პროცესში, გზებზე ავტომანქანების შემოწმება.

როგორ მოხდება ამ პროცესის ინსპექტირება – აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივად განახორციელებენ პატრულირებას.

მოხდება პატრულირება და ამ პროცესში ვიზუალური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინსტრუმენტული გაზომვების ჩატარება. არსებობს სპეციალური პორტატული ხელსაწყო, რომელიც CO-ს შემცველობას გაზომავს. იმ შემთხვევაში თუ ნორმების გადამეტება იქნება, ახალი სანქცია იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმება მოხდეს“- განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

ცნობისთვის, არსებული რეგლამენტის მიხედვით, CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა აჭარბედეს 0.8%-ს. თუმცა, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი, 0.5% -0.3%-მდე.