"არის ასეთი აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით",- ამის შესახებ საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრაზე განაცხადეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თანამედროვე ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და, ზოგადად, ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობის შესახებ. დაისახა გეგმები სუიციდთან ბრძოლისთვის ეკლესიის, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით.
როგორც შეხვედრის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ბრძანა: "საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი საგრძნობლად იზრდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა".
"10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა. შეიძლება ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქრებთ, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან სუიციდის პრობლემა",- განაცხადა მეუფე შიომ.