შსს-ს არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

2019-12-26 11:11:16

შსს-ს 2020 წლის პირველი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები და ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება მენეჯმენტსაც გავლილი ექნება.

"არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მოგვარებულია და შევთანხმდით, რომ სამმართველო აღჭურვილი იქნება შესაბამისი ვიდეოკამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საკითხზე მუშაობა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.