მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. [ვიდეო/video]
განხილვის ფარგლებში, მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე ისაუბრა, მათ შორის, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები 2019 წელს მარნეულში, რა პროექტები განხორციელდა და რა მთავარი გამოწვევებით ხვდება 2020 წელს მუნიციპალიტეტი.
განხილვას საჯარო სექტორში დასაქმებულები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მარნეულის მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოქალაქეებმა ანგარიშის წარდგენის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გაწეული საქმიანობა როგორც დადებით, ისე კრიტიკულ ჭრილში შეაფასეს. ძირითადი კითხვები განსხვავებული კულტურის მქონე ჯგუფების ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხს შეეხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე კრიტიკული კითხვები დაისვა, დამსწრეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ანგარიშის საჯარო განხილვა და მსგავს საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის პრეცენდენტის დამკვიდრება ამ კუთხით, მისასალმებელია. რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ლაშა ლობჯანიძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ნამდვილად დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რაზეც ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს.