#სირცხვილიას აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ სასკოლო მერხი და სკამი მიიტანეს. აქცია-პერფორმანსი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
15 წლის მოზარდი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთანაც, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ადგილებში წარწერები — "ამ ცხოვრების დედაც!" დატოვეს, პროტესტს რუსთავიც შეუერთდა. გუშინ გვიან ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერა დატოვეს მერიის შენობაზე და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე.
შეგახსენებთ, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.