"მადლობა და ბოდიში" [video]

2019-11-03 15:06:46

მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს გამოემშვიდობა, "ინფო რუსთავთან" რუსთავის ეპარქიაში მისი 11 წლიანი მოღვაწეობა შეაფასა და ასევე საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. [ვიდეო/video]

როგორც მეუფე იოანემ აღნიშნა, ეკლესიის დევნა საუკუნეების წინ დაიწყო და ეს უცხო მოვლენა სულაც არაა. "ინფო რუსთავის" კითხვას, ხომ არ უკავშირდება ქადაგებისას მის მიერ ნათქვამი სიტყვები "პატრიარქმა ქრისტეს მსგავსად, მათგან, ვისაც სიკეთეს უკეთებდა, ჯვარი მიიღო", მეუფე პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებას, უპასუხა, რომ: "ესეც არის ერთ-ერთი გამოვლინება".

რაც შეეხება მეუფე იოანე გამრეკელის მხრიდან მისი 11 წლიანი მოღვაწეობის შეფასებას, ის აცხადებს, რომ რუსთავის ეპარქიიდან ვალმოხდილი ვერ მიდის. "საქები ბევრი არაფერია, ბევრს უფრო მეტიც გაუკეთებია. ჩემამდე ბევრი იყო გაკეთებული ეპარქიაში. სამიანზე ჩავაბარე, ხუთიანზე თუ ორიანზე არ ვიცი, ათიანზე არა, ნამდვილად არ ჩამიბარებია. მე მგონია, რომ მეტი შეიძლებოდა, მაგრამ მე ვერ შევძელი. ვერ ვიტყვი, რომ ვალმოხდილი მივდივარ, იმიტომ, რომ იყო კიდევ გასაკეთებელი და ვეღარ მოვასწარი".

"ინფო რუსთავის" კითხვას, რისთვის გადაუხადა ქადაგებისას მადლობა მეუფემ მრევლს და რისთვის ბოდიში, მან ასე უპასუხა: "მადლობა იმისთვის, რომ მათი თანადგომით შევძელი ის, რაც შევძელი. შენდობას ვთხოვ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა და მე ვერ გავაკეთე. შეიძლება ვიღაცას ყურადღება ვერ მივაქციე, შეიძლება ვიღაცის მიმართ მკაცრი ვიყავი, შეიძლება გულისხმიერება საკმარისი ვერ გამოვიჩინე, შეიძლება ვიღაცას ვერ დავეხმარე".

დღეს მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მრევლსა და მეუფე იოანეს შორის საკმაოდ ემოციური გამომშვიდობება შედგა, თუმცა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ასე ანუგეშა: “მე არ გემშვიდობებით, ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაკავშირებს და ეს არ მთავრდება”.

მეუფე იოანემ დღეს ამ ტაძარში ღვთისმსახურება ბოლოჯერ აღავლინა და ქუთაისში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა.

რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II უხელმძღვანელებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები