"ყველა საწარმო შემოწმდება" [video]

2019-10-21 22:38:54

"არ ვთვლი, რომ ეს 5 000 ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლება, რაც გამოსასწორებელია, უნდა გამოსწორდეს. მთავარი ამოცანა არ უნდა იყოს ჯარიმა, ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ გამოსწორებული სიტუაცია გარემოს დაცვის კუთხით", - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ინფო რუსთავის" კითხვას, შეამსუბუქებს თუ არა გარემოს დაბინძურების კუთხით რუსთავში არსებულ პრობლემებს თანხის ის ოდენობა, რომლითაც საწარმოები გამოვლენილი დარღვევების გამო ჯარიმდებიან. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტომ დავითაშვილს რუსთაველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა და მინისტრისგან შეიტყო, რომ წლის ბოლომდე რუსთავში არსებული ყველა საწარმოს შემოწმება იგეგმება. 

"რუსთავში ეს საკითხები მეტად აქტუალურია და ბუნებრივია, ვადევნებთ თვალყურს მოსახლეობის შეშფოთებასაც და კითხვებსაც, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კომპლექსური კვლევები ჩატარდეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა პირდაპირ ჩემი მხრიდან, რომ წელს ყველა საწარმო შემოწმდეს. არცერთი საწარმო არ დარჩება შეუმოწმებელი იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბროთ ფონური მდგომარეობის ცვლილებებზე, მათ შორის ჰაერთან მიმართებაშიც, ძალიან სუბიექტურები ვიქნებით თუ ჩავთვლით, რომ ერთადერთი საწარმოს წვლილია მხოლოდ ჰაერის დაბინძურებაში. ამიტომაა საჭირო ყველა საწარმოს შემოწმება და სრული სურათის დადება, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ეს სურათი", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ამ კუთხით ახალი ინიციატივების დანერგვას გეგმავს.

"ჩვენი ინიციატივა არის ის, რომ სანქციები გაიზარდოს, ასევე შემოვიღოთ გარემოზე ზემოქმედების პასუხისმგებლობის ახალი კანონმდებლობა. ახალი ინიციატივების შედეგად, სანქციები იზრდება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთან კომუნიკაცია ჰქონდა და მასთან გარკვეული წინადადებებიც დააყენა.

"ჩვენ ვაყენებთ საკითხს და გვინდა, რომ 2020 წელს გაითვალისწინოს შესაბამისმა სამინოსტრომ და შეიძინოს ის მოწყობილობები, რომლებიც მონიტორინგს გააძლიერებს. ამ მონიტორინგის საფუძველზე შესაძლებელი იქნება კონკრეტული გადაწყვეტლების მიღება თუ რომელი წარმოება აბინძურებს ქალაქს", - აცახდებს ირაკლი ტაბაღუა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები