რა უნდა იცოდე თუ პოლიციამ ქუჩაში გაგაჩერა [video]

2019-10-12 16:11:23

სამართალდამცველების მიერ, ე.წ „რეიდების ჩატარების“ საკითხი ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური თემა გახდა. პროცესი ერთგვაროვან ხასიათს ატარებს. თავდაპირველად, პოლიციელი მოქალაქეს გადამოწმების მიზნით აჩერებს და მის იდენტიფიცირებას ახდენს, საბოლოოდ კი, ყველაფერი ფოტოს გადაღებით სრულდება.

ხშირია კითხვა, რამდენად სამართლიანად იქცევა სამართალდამცველი, როდესაც ის ფოტოს გიღებთ? რისი უფლება აქვს მას და რისი უფლება გაქვს შენ?

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის რჩევებს გთავაზობთ. [ვიდეო/video]

"როდესაც პოლიციელი შეგვაჩერებს ქუჩაში, მას აქვს სპეციალური საფიძველი და უფლებამოსილება იმისა, რომ გადაგვამოწმოს, თუმცა საფუძვლის გარეშე პოლიციელის მიერ გაჩერება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. როდესაც პოლიცია გვაჩერებს, უნდა შევეკითხოთ, რა საფუძვლით გვაჩერებს და რა საფუძვლით სურს რომ ზედაპირულად შეგვამოწმოს. ეს საფუძველი შეიძლება იყოს 3.

1. თუ ჩვენ ვდგავართ სპეციალურ ტერიტორიას დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან 20 მეტრის რადიუსში. აღნიშნული დაწესებულება შეიძლება იყოს საპატრიარქო, საკანონმდებლო ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასეთ შემთხვევაში, პოლიციას უფლება აქვს მოვიდეს და ზედაპირულად დაგვათვალიეროს.

2. თუ პოლიციას აქვს ვარაუდი, რომ კონკრეტულ ადგილას იკრიბებიან სამართალდარღვევის ჩამდენი პირები. ამ შემთხვევაში პოლიციას ეძლევა იმის უფლება, რომ დაათვალიეროს თავიდან ბოლომდე ადამიანი.

3. თუ პოლიცია შეატყობს, რომ გაქვს გარკვეულწილად სამართალდარღვევისთვის ან კანონდარღვევისთვის მიმართული ნივთი ან იარაღი.

რაც შეეხება ზედაპირულ დათვალიერებას და შემოწმებას, პირველ რიგში, ეს არ უტოლდება ჩხრეკას. ეს არ არის ჯიბეში ხელის ჩაყოფა ან ჩანთის გაჩხრეკა. ეს არის ხელით ან სპეციალური საშუალებით ზედაპირის შემოწმება. თუ პოლიციას გაუჩნდება იმის გონივრული ეჭვი ან დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზედაპირული შემოწმების შემდეგ, აუცილებელია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ის აუცილებლად ჩაატარებს სისხლის სამართლებრივად და შეადგენს სპეციალურ ოქმს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად, როდესაც პოლიცია ზედაპირულად ამოწმებს კონკრეტულ სუბიექტს, ის არ ადგენს ოქმს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ. ამიტომ, როდესაც პოლიცია მოვა თქვენთან და დაგათვალიერებთ ზედაპირულად, თქვენ აუცილებლად უნდა მოსთხოვოთ მას, რომ შეადგინოს ოქმი და განგიმარტოთ გასაჩივრების უფლება, იმ შემთხვევაში თუ დაირღვა თქვენი უფლება და თავისუფლება.

ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელს უფლება აქვს შეგაჩეროთ მხოლოდდამხოლოდ 30 წუთით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ გენერალური ინსპექცია და დააფიქსიროთ აღნიშნული დარღვევა. იცოდეთ გენერალური ინსპექციის ნომერი, ეს არის 126, შეგიძლიათ განაცხადოთ დამოუკიდებლად, დაუბრკოლებლად, ადვოკატის გარეშე და მოითხოვოთ ადგილზე კონკრეტული ჯგუფის გამოძახება.

რაც შეეხება ფოტო სურათის გადაღებას, ძალიან ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტს, როცა პოლიციელი აჩერებს კონკრეტულ ადამიანს და უღებს ფოტოსურათს. ჩნდება შეკითხვა, არის თუ არა ფოტოსურათის გადაღება კანონიერი და ემსახურება თუ არა იმ ლეგიტიმურ მიზანს, რასაც დანაშაულის პრევენცია ჰქვია. პოლიციას აქვს მხოლოდდამხოლოდ ერთ შემთხვევაში ფოტოს გადაღბის უფლება. როდესაც პირადი იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, ანუ ადამიანს თან არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, მას არ ახსოვს საცხოვრებელი ადგილი და პირადი ნომერი. თუმცა, თავდაპირველადვე ფოტოსურათის გადაღება არღვევს პერსონალური ინფორმაციის მოპოვებისა და შენახვის წესს. ძირითად შემთხვევაში, პოლიცია  ფოტოსურათების იმ შემთხვევაში იღებს, როდესაც კონკრეტულ ადგილას ჩადენილია დანაშაული. უღებს საეჭვო სუბიექტებს ფოტოებს და შემდგომში მას დაზარალებულებს ანახებს. ამის პრევენცია რომ განხორციელდეს, ადამიანმა არ უნდა გადააღებინოს პოლიციელს სურათი, თუ მისი იდენტიფიკაცია ხდება, მაგრამ თუ პოლიციელი დაჟინებით მოითხოვს ფოტოსურათის გადაღებას, კონკრეტულ სუბიექტს  საშუალება აქვს გამოიძახოს გენერალური ინსპექცია და განაცხადოს კანონდარღვევის შესახებ", - ნათქვამია ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის რჩევებში.