დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა პოლიციელებმა შესრულებული დავალებისთვის თანხა აიღეს. აღნიშნული თანხა მოქმედმა სამართალდამცველმა დავით მიროტაძემ მუმლაძის გატაცებისთვის სიძისგან, მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული და ამ დრომდე ძებნილი ზურაბ ჯღარკავასგან აიღო. როგორც მიროტაძე ჩვენებაში ყვება, მან 4000-4000 ლარი დანარჩენ პოლიციელებს გაუნაწილა.
"მე და ჩემი სიძე შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩვიდოდით ქალაქ თბილისში, სადაც შევხვდებოდით ჩემი სიძის მეგობარს გიორგი გეთაშვილს, რომელიც თავად ჩაისვამდა დავით მუმლაძეს ავტომანქანაში. ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად მივვარდებოდი მას და იძულებით ჩავისვამდით ჩვენს ავტომობილში და წამოვიყვანდით ქალაქ რუსთავში, რის შემდეგაც მას გადავუსვამდი ჩემს სიძეს, ზურაბ ჯღარკავას და თავად მიხედავდა ამ პიროვნებას. შეხვედრის ადგილს თავად გიორგი გეთაშვილი გვეტყოდა. ამის შემდეგ მე შევხვდი, როგორც დიტო დუღაშვილს, ასევე მიხეილ ღუბიანურს და ვუთხარი აღნიშნულის შესახებ. პირველ ოქოტმბერს დილის საათებში ჩემს საცხოვრებელ სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის "BMW" მარკის ავტომანქანით, მე ჩავჯექი დიტოს გვერდით მანქანაში და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით, სადაც დიტომ გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც ჩვენ ავტომანქანას მოვხსენით სანომრე ნიშანი და დავუყენეთ ე.წ. უცხოური ტრანზიტული ნომერი. ამის შემდეგ ჩვენ მივაკითხეთ მიხეილ ღუბიანურს და წავედით თბილისის მიმართულებით, სამივე ჩვენგანს გვეცვა პოლიციელის ფორმის ტანსაცმელი. მე დავით მუმლაძე ხელებზე ბორკილებ დადებული გადავიყვანე ჩვენი ავტომანქანიდან. ამ დროს ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ზურაბ ჯღარკავა და გიორგი ასათიანი და მოგვიახლოვდნენ მე და დავით მუმლაძეს. ამის შემდეგ, მე დავტოვე ჩემი სიძე ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი და დავით მუმლაძე. 2 ოქტომბერს საღამოს მე შევხვდი დიტო დუღაშვილს რომელსაც მივეცი 4000 ლარი და ვუთახარი, რომ ამ თანხას ვჩუქნიდი. ამის შემდეგ გავემართე რუსთავის პოლიციის სამმართველოსკენ, სადაც ასევე შევხვდი მიხეილ ღუბიანურს, რომელსაც ასევე ვაჩუქე 4000 ლარი. ხსენებული ფულადი თანხა 8 0000 ლარის ოდენობით, მე მომცა ჩემმა სიძემ ზურაბ ჯღარკავამ 15-16 ოქტომბერს და სწორედ ეს თანხა გავუნაწილე დიტოს და მიხეილს" - წერს ჩვენებაში მიროტაძე.
"ჩვენი მანქანიდან დათო მიროტაძემ ბორკილებიანი დავით მუმლაძე გადაიყვანა და ჩაუსვა მანქანაში ზურაბ ჯღარკავას, ხოლო გიორგი ასათიანი საჭესთან დაჯდა. ამ მომენტში შევნიშნე, რომ მათი მხრიდან დავით მუმლაძის მისამართით აგრესია წამოვიდა. მოვლენების ასეთ განვითარებას რეალურად არ ველოდი. არ ვიცოდი თუ მას მოკლავდნენ. როგორც ჩემთვის იყო ცნობილი ისინი დავით მუმლაძის მხოლოდ ცემას აპირებდნენ და იძულებულს გახდიდნენ, რომ საქართველო დაეტოვებინა. როდესაც პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ ნანახი იქნა ამოუცნობი მამაკაცის გვამი, ამ ფაქტმა კიდევ უფრო ამაღელვა და შემაშინა", - წერს ჩვენებაში მიხეილ ღუბიაური.
მიუხედავად იმისა, რასაც ჩვენებაში ვკითხულობთ, სამართალდამცველების ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიცილები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. დავით მიროტაძის ადვოკატის, მერაბ მამულაძის განცხადებით, ის ჯერ კიდევ საქმის მასალების გაცნობის პროცესშია და დეტალური განმარტებებს ვერ გააკეთებს.
პროკურატურამ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.
საქმეზე დაკავებული ორი მოქმედი პოლიციელის - მიხეილ ღუბიანურისა და დავით მიროტაძის, ყოფილი სამართალდამცველის - დიმიტრი დუღაშვილის, ასევე მოკლულის მეგობრის - გიორგი გეთაშვილის და მკვლელობაში ბრალდებულების - გიორგი ასათიანისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო ხვალ, 11:00 საათზე იმსჯელებს.