ახალი დეტალები - მკვლელობა რუსთავში [photo]

2019-10-07 19:01:37

რუსთავში, 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ხუთივე პირი ამ დრომდე რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 5-ვე მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს. რუსთაველმა პოლიციელებმა ზურა დადეშელი სახლიდან მისი მეგობრის დახმარებით, მოტყუებით გამოიყვანეს, გზაში კი ვითომ და შემთხვევით გააჩერეს, რის შემდეგაც მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ავტომობილით ჩამოიყვანეს რუსთავში და კრიმინალებს გადასცეს. რუსთავში მას დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენეს და მდინარე მტკვარში გადააგდეს. მკვლეობა 1 ოქტომბერს მოხდა, პოლიციამ 6 ოქტომბერს ჯერ მოკლულის მეგობარი, შემდეგ კი პოლიციელები დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან მოქმედი სამართალდამცველები, 1992 წელს დაბადებული მიხეილ ღუბიანური და 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძე. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ სწორედ დავით მიროტაძის სიძე, ზურაბ ჯღარკავაა მკვლელობაში მონაწილე, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ასევე საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი, 1989 წელს დაბადებული დიმიტრი დუღაშვილი. დაკავებულებს ბრალად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ.

მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტოსთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცის მკვლელობა რამდენიმე თვის წინ, ესპანეთში გადაწყდა. საინფორმაციო სააგენტოსთვის ცნობილი გახდა რომ, საქმეზე დაკავებული სამართალდამცველები, დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანური მიმდინარე წლის ივლისში, ესპანეთში კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ზურა დადეშელის (მუმლაძის) მოკვლა დაგეგმეს.

მკვლელობის მიზეზად ე.წ. "ქურდული ობშიაკი" სახელდება, რომელიც, სავარაუდოდ, დადეშელმა მიითვისა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებს შესრულებული დავალებისთვის 12 000 ლარის ოდენობის თანხა გადაუხადეს.

არსებული ინფორმაციით, დადეშელს (მუმლაძეს) მისი ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, სწორედ ამ მიზეზით სახლიდან იშვიათად გადიოდა და თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც პოლიციამ  გარდაცვლილის ცხედართან ერთად, მდინარე მტკვარის კალაპოტში იპოვა.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობაში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა ბოლო პერიოდში შეიცვალა სახელი და გვარი. სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა თვითონ ზურა დადეშელსაც, რომელიც ამ დროისთვის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში როგორც დავით მამალაძე, ისე ფიქსირდება.

საქმეზე სამართალდამცველების გარდა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თ და­კა­ვე­ბუ­ლია 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გიორგი შონია და 1989 წელს დაბადებული გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილი, რომელიც მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­გო­ბა­რია, მას ბრა­ლად ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ედე­ბა.

შეგახსენებთ, მტკვარმა მოკლული ზურა დადეშელის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა. დადეშელს ოჯახის წევრები და ახლობლები 1 ოქტომბრიდან ეძებდნენ. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.