რუსთავში 35 წლის მამაკაცი მოკლეს [video]

2019-10-07 12:21:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. [video/ვიდეო]

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი - 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.