განათლების მინისტრი მშობლებს გამოეხმაურა

2019-09-30 17:44:24

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი რუსთავში, მე-5 საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროებიდან გამომდინარე მზად არის რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდეს.

„დილიდანვე ჩვენი სამინისტრო, არა მარტო დღევანდელ დღეს, ბოლო პერიოდი საკმაოდ ატიურად იყო ჩართული, როგორც მანდატურის სამსახური, ასევე ფსიქოლოგები. ვიცით, რომ სამუშაოა. პროცესი და ჩართულობა სამინისტროს მხრიდან დღეს არ დაწყებულა. აქ არის საუბარი ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება ყველაზე სწორი. თუ საჭირო გახდა ჩავალ. ჩემთვის ჩასვლა-არჩასვლა არ არის მთავარი, მთავარია ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ღრმად ვართ პრობლემაში ჩახედული. საკითხი უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა განზოგადებით. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის #5 საჯარო სკოლაში დილიდან ხმაური იყო. მშობლების ნაწილი, იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის თქმით,  რამდენიმე დღის წინ მე-6 კლასელმა მოსწავლემ ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს.

ძალადობაში ბრალდებული გოგო ფაქტს უარყოფს და აცხადებს რომ მასწავლებელი ცრუობს. მე-6 კლასელის დედა ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ მუსიკის პედაგოგმა, აპრილში მის შვილს თავად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მათემატიკის წიგნი ჩაარტყა თავში. აღნიშნულს უარყოფს მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი.

მშობლები, განათლების მინისტრის სკოლაში მისვლას და საკითხით დაინტერესებასაც მოითხოვდნენ. მათი თქმით, ბავშვებს სკოლაში მანამდე არ გაუშვებენ, სანამ მე-6 კლასელ გოგონას, სხვა სკოლაში არ გადაიყვანენ.

მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად  ინფო რუსთავმა გაავრცელა.