#5 სკოლაში სიტუაცია დაძაბულია

2019-09-30 09:59:33

რუსთავის #5 საჯარო სკოლის ეზოში მშობლები აქციას მართავენ. ნახეთ ვიდეო - აქციის ქრონოლოგია

მათი მთავარი მოთხოვნა სკოლიდან მე-6 კლასის მოსწავლის წასვლაა. საუბარია გოგონაზე, რომელის სახელიც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 27 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს. მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვი სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აქციის მონაწილეების უმრავლესობამ დღეს სკოლაში შვილი არ გამოუშვა. ხოლო ისინი, ვისი შვილიც საგაკვეთილო პროცესს ესწრება, ამ დროისთვის ბავშვების სკოლიდან გამოყვანას ცდილობენ. მათი თქმით, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, სანამ ოფიციალურ პირებთან გასაუბრებას არ შეძლებენ.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მე-6 კლასელის დედასა და აქციის მონაწილეებს შორის. ამ დროისთვის სკოლა დაატოვებინეს მოსწავლეს. გოგონა ტერიტორიიდან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სკოლაში იმყოფება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ შეწყვეტილა. 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI