თეთრწყაროში დიდგორობა აღინიშნა [photo]

2019-08-12 15:12:33

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგა როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

კარვებში გამოიფინა ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშები, ტრადიციული ნაწარმი. საბავშვო თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს უძველესი ქართული თამაშობები: ლახტაობა, კოჭაობა, ქორობია. მოეწყო სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში, პატრიოტულ თემაზე, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატური კომპოზიციების გამოფენა.

ძირითად საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა, ადგილობრივი და მოწვეულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა. სცენაზე მოეწყო თეატრალიზებული სანახაობები, შესრულდა ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში.

საკონცერტო ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა შეჯიბრება: დოღი, ჭიდაობა და მკლავჭიდი.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - ,,დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.

დიდგორობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ჯაფარიძე ესწრებოდა.

RUSTAVI