რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.
ტენდერის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებული სახე რუსთაველებს გასულ წელს, აგვისტოს თვეში უნდა ენახათ, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურა ტაბაღუა აცხადებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო რუსთავის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ქუჩაზე პრობლემური ადგილების შესწავლა და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი გაირკვევა დარჩენილი სამუშაოების მოცულობა, გაკეთდება ხაჯთაღრიცხვა და ტენდერი თავიდან გამოცხადდება.
ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთაველებისთვის დიდ პრობლემად იქცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი წელიწადზე მეტია რაც გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო ჯარიმაც მიიღო, საბოლოოდ კი შავ სიაში შევიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ტენდერებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს.