განახლდება თუ არა შეჩერებული სამუშაო

2018-09-02 22:15:49

რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურული სამუშაოები 29 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უკვე 1 კვირაა მიატოვა, რის გამოც გზაზე მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა.

ცნობილია რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ჰერიო" რუსთავის მერიას სამუშაოების დასრულებისთვის ვადის რამდენიმე კვირით გაგრძელებით მიმართა, მერიაში იმსჯელეს და ვადა მხოლოდ 1 კვირით გაუგრძელეს. ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ჭყონდიდელის მოსახლეობა სახლებში კეთილმოწყობილი გზის ნაცვლად გადათხრილი და მოუწესრიგებელი გზით სარგებლობს.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა - "კომპანიასთან ინტენსიურად ვმუშაობთ, რაღაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ველოდებით რომ სამუშაოებს განაგრძობს. მე ვფიქრობ რომ არ შერჩება არავის რომ ამ ქალაქს ასე უგულოდ და უგულისყუროდ მოექცეს, მით უმეტეს რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ელოდება ამ პროექტის დასრულებას. კომპანია უკვე ჯარიმაზე გავიდა თუმცა ეს ჯარიმაც საქმეს არ შველის, მთავარია პროექტი დასრულდეს".

შეგახსენებთ რომ მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი გამოიყო, ხოლო ელექტრონულ ტენდერში კი კომპანია "ჰერიომ" გაიმარჯვა.