საქართველოს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა

2019-07-04 15:10:24

საქართველოს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

"2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული.

საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები. ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება მისცა 60-მდე პირმა."