"ჩათვალეს, რომ რუსეთზე მქონდა გართულება"

2019-07-03 12:09:31

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე “სლავამ” 2 ქართველ მორაგბეს, რეზი ბროძელსა და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა.

მორაგბეები გუნდიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც მათ ლელოს დადება ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს.

ამ ფორმით რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარულ ჟესტი კი, რუსულ კლუბში მოასპარეზე სპორტსმენებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველი გახდა.

“ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს,” – განაცხადა რეზი ბროძელმა.

მორაგბეები საქართველოში ხვალ ბრუნდებიან, ისინი ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებენ.