რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს ადმნისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი 51 პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულ გადაწყვეტილების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.
„2019 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან”, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 20-21 ივნისს, რუთსაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 240 პირი დააკავეს.