თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული ადვოკატის, ბექა ბასილაიას საქმის განხილვა 25 ივნისისთვის გადაიდო.
მოსამართლე ლევან მურუსიძემ, ბექა ბასილაიას შუამდგომლობა, საჩივრის განხილვის გადადების შესახებ, დააკმაყოფილა. ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა.
"მიმაჩნია, რომ როგორც დაკავება და შემდგომ პატიმრობის შეფარდება იყო პოლიტიკური პროცესი და დღესაც ეს სასამართალგანხილვა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. გადაწყვეტილება მიიღება არა საჩივრის შინაარსიდან და მტკიცებულებების გათვალისწინებით, არამედ იმით, როგორი იქნება პოლიტიკური ნება. ამ საკითხს აქვს მეორე მნიშვნელოვანი შემადგენელი. "გავრილოვის ღამეს" პოლიცმაისტერ გახარიას დავალებით და მონაწილეობით, ჩემთან ერთად დააკავეს რამდენიმე ათეული თუ რამდენიმე ასეული ადამიანი. მე როგორც ვიცი, სააპელაციო სასამართლომ დღეს განიხილა 20-მდე საქმე. ვიდრე დანარჩენი 80 ადამიანი რჩებიან პატიმრობაში, ვითხოვ ჩემი საჩივრის განხილვა გადაიდოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გავიწვევ ჩემს საჩივარს", - აცხადებს ბექა ბასილაია.
იმ შემთხვევაში, თუ სხვა დაკავებულთა საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 25 ივნისის 11:00 საათამდე ვერ მოასწრებს, ბასილაიას თქმით, თავის საჩივარს გაიტანს. ბექა ბასილაიას საქალაქო სასამართლომ 21 ივნისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
20 ივნისს აქციაზე 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.