სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

2019-06-20 19:07:22

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ. მანამდე კი სასტუმრო "რედისონიდან" რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა, რუსი დეპუტატების მიმართულებით ისროლეს წყლის ბოთლები და კვერცხები.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ  საპროტესტო აქცია სახელწოდებით"სირცხვილია" იმართება. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ, რუსთაველზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.